შეხვედრა თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან
ივნისი 9, 2023
09.06.23 – სოფელი თრიალეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა, პირველი ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიულ კონტექსტსა და ინსტიტუციონალიზაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. ასევე, მომხსენებელმა მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორია, თანამშრომლობის დინამიკა და ვიზალიბერალიზაციის შედეგები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ბექა ირომაშვილმა, დამსწრე ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების თაობაზე. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ „Erasmus+“ პროგრამაზე და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს. მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები.