შეხვედრა ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების მოსწავლეებთან

მაისი 19, 2022

19.05.22 – ზუგდიდი და წალენჯიხა

„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრა, რომელსაც 55-მდე მოსწავლე ესწრებოდა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ გახსნეს და ცენტრის საქმიანობასა და ევროპის დღეების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადზე და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, საინფორმაციო ომის თავისებურებებზე, ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევ დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება ასევე გამახვილდა დასავლური ღირებულებების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების უნარების გაძლიერებაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ეწვივნენ.

„ევროპის დღეები 2022“ 25 მაისამდე გაგრძელდება. მისი მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.