შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა
აპრილი 18, 2024
18-19.04.24 – გორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის ,,ეკონომიკური მედეგობის განვითარება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ თემებში“ ფარგლებში, შიდა ქართლში შემავალ მუნიციპალიტეტებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და სლოვაკური ანალიტიკური ცენტრის ,,სტრატეგიული ანალიზი“ პრეზიდენტმა იან ცინგელმა გახსნეს. მომხენებლებმა ახალგაზრდებს პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ასევე, იმ საკითხების მნიშვნელოვაზე ისაუბრეს, რაც პროექტის მიზანს წარმოადგენს.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირისა და ნატო-ს როლზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სიკეთეებზე და ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის საკითხებზე.
ტრენინგის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ასევე, გაიუმჯობესეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები საპროექტო წინადადებების შემუშავებისა და პროექტის ფინანსური მენეჯმენტის მართვის კუთხით.
პროექტის მიზანია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ თემების ეკონომიკური მედეგობის განვითარება და ადგილობრივი თვიმმართველობების, მცირე მეწარმეებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება.
აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია „SLOVAK-AID“-ის მიერ და მას ახორციელებს სლოვაკური ანალიტიკური ცენტრი “სტრატეგიული ანალიზი“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით.