შიდა ქართლის ბიუროს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეწვია
აპრილი 6, 2022
06.04.22 – შიდა ქართლი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონულ წარმომადგენლობას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეწვია, რომელსაც ცენტრის დირექტორმა, თამარა წულეისკირმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე ცენტრის საქმიანობაზე, ერთობლივ მასშტაბურ პროექტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და აღნიშნული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ ხელშესახებ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არსებულ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულ წარმომადგენლობაში ვიზიტისას, ელჩი დეგნანი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის როლზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობის გაზრდაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. „თქვენ ალბათ იცით, რომ აქ, უნივესრიტეტში ფუნქციონირებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ეს კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს მიეწოდოთ ზუსტი, უტყუარი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე – ევროკავშირის თუ ნატოს წევრობის მიმართულებით. ასე რომ, ძალიან მოხარული ვიქნები, თუ თქვენ გამოიყენებთ ამ რესურსს.“ – განაცხადა ელჩმა დეგნანმა მიმართვის დროს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მიეძღვნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდაათი წლისთავს.
საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული წარმომადეგნლობა 2015 წლიდან ფუნქციონირებს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.