შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებთან ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
იანვარი 31, 2022
31.01.22 – შიდა ქართლი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა, როგორც ევროკავშირის, ასევე, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რაც საქართველომ ხელშეკრულების შედეგად უკვე მიიღო. ხაზი გაესვა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS + პროგრამის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროგრამაში მონაწილეობის მხრივ საქართველო მე-6 ადგილს იკავებს 141 პარტნიორ ქვეყანას შორის განხორციელებული მობილობების რაოდენობის მხრივ.
ონლაინ სემინარს, რომელსაც 55-მდე პედაგოგი ესწრებოდა მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.