შიდა ქართლის რეგიონის საჯარო მოხელეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
თებერვალი 25, 2022
25.02.22 – შიდა ქართლი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიების, საკრებულოებისა და აიპების თანამშრომელებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა.
შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა ვრცლად ისაუბრა როგორც ევროკავშირის, ისე ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების არსებულ დინამიკაზე. ხაზი გაესვა ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და იმ არსებულ სიკეთეებს, რომლებიც უკვე ხელშესახებია საქართველოს მოქალაქეებისთვის- ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლის უპირატესობები. მომხსენებელმა, ასევე, მიმოიხილა ის საგანმანათლებლო პროგრამები, რასაც ევროკავშირი სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს.
სემინარს, რომელსაც 76-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.