შიდა ქართლში საოკუპაცო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა

მარტი 31, 2022

31.03.22 – შიდა ქართლი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისა და უფროსკლასელებისთვის ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მედიაწიგნიერების როლზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს” კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, ამომწურავად ისაუბრა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმ საფრთხეებზე, რაც ამ სახის პროპაგანდას ახლავს თან. საუბარი, ასევე, შეეხო მედიაწიგნიერების როლსა და მნიშვნელობას.

ონლაინ სემინარს, რომელსაც 40-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.