შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 21, 2023
21.06.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს სტრატეგიულ კონცეფციას, ღია კარის პოლიტიკასა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ გაუწია და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.