შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივლისი 21, 2022

21.07.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი ინიციატივით, სტუდენტებთან ევროინტეგრაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და შემდგომ ეტაპებს, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.

ამასთანავე, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრას პროექტში “დეზინფორმაციასთან და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა სამეგრელოს რეგიონში” მონაწილე სტუდენტები ესწრებოდნენ. პროექტი “სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022” ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.