შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 15, 2022
15.05.22 – ქობულეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის შშმ საკითხებზე მომუშავე უწყების წარმომადგენლის ერთობლივი ორგანიზებით, შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის პროფილური მიმართულებების, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სოციალურ საკითხებზე მომუშავე უწყებების, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულმა და შშმ თემის და მათზე ზრუნვის განმახორციელებელმა პირებმა.
შეხვედრის მონაწილეებს ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე მიესალმა და საქმიანობის ის დინამიკა გააცნო, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში შშმპ საკითხებთან მიმართებით ფიქსირდება.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომლებსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები და პროექტები სთავაზობს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. საუბარი შეეხო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავლენების საფრთხეებსა და მათთან გამკლავების მეთოდებს. შეხვედრის მთავარი მიზანი იმ მითებისა და სტერეოტიპების დანგრევა იყო, რომლებიც შშმ პირების სრულფასოვნად ადაპტირების პროცესს ახლავს თან და საზოგადოების ყველა სფეროში ინტეგრირების გაცნობიერებულ არჩევანს უკავშირდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნათია თხილაიშვილმა, დამსწრეებს ის მუნიციპალური პროგრამები გააცნო, რომლებიც შშმ პირების ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა შშმპ საკითხებში ნინო ნოღაიდელმა საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან თანამშრომლობის პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს სამომავლოდაც, ევროინტეგრაციის საკითხებზე საფუძვლიანი ინფორმირებისკენ მოუწოდა.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.