შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 14, 2022

14.07.22 – შუახევი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძემ, ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ფარულავა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა მადრიდის სამიტსა და ნატო-ს ნორდიკული გაფართოების საკითხზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა კოლექტიური თავდაცვის პრინციპსა და ორგანიზაციის როლს მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და საკრებულოს თავჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.