შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს სკოლაში შეხვედრა გაიმართა

მარტი 24, 2023

24.03.23 – სოფელი ფურტიო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიის, ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

გარდა ამისა მომხსენებელმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; ცენტრის სტაჟიორმა თამარ შულგამ ახალგაზრდებს პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე ესაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაზი ქამადაძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზვიად დიასამიძე, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გააქტიურებით ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.