შუახევის მუნიციპალიტეტში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 11, 2022
11.11.22 – შუახევი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, შუახევის მუნიციპალიტეტში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას შუახევის ქალთა ოთახში ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით საქართველოს მოქალაქეებისათვის გახსნილ შესაძლებლობებსა და იმ რისკებსა და საფრთხეებს, რაც ამ პროგრამებში არამართლზომიერ ჩართულობასა და წესების დარღვევით გამოყენებას ახლავს თან.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უვიზოდ გადაადგილების რეგულაციებსა და შენგენის ზონაში თავისუფალი სავიზო რეჟიმის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და დეზინფორმაციული ნაკადების გააქტიურების გამომწვევ მიზეზებს.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ჭაღალიძემ, ევროინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების აქტიურ პოზიციონირებაზე, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მათთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობასა და ამ პროცესში გენდერული საბჭოსა და ქალთა ოთახის საქმიანობის გააქტიურებაზე ისაუბრა.