ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ სარფის სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩატარდა

ივნისი 13, 2024

13.06.24 – სოფელი სარფი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საზღვრისპირა სოფელ სარფის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში, სიმულაციური სწავლება ჩაატარა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა პროექტის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო, ხაზი გაუსვა დეზინფორმაციის გავრცელების ნეგატიურ კონტექსტებს და ყურადღება გაამახვილა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინათ პრეზენტაციები.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ სარფის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა მგელაძე, რომელმაც მსგავსი ტიპის პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის, მათი სწორად ინფორმირებისა და საინფორმაციო ცენტრთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით. თამაშის დასასრულს, აქტიურ მონაწილებს საინფორმაციო ცენტრისგან წიგნები, საიმიჯო მასალები და სერტიფიკატები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.