შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 15, 2023
15.12.23 – სოფელი ჭვანა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ ჭვანას საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და მნიშვნელოვან ეტაპებზე. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე კი, ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ ანეტი ბერიძემ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრის დასასრულს მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ჭვანას საჯარო სკოლის დირექტორი ლევან კილაძე, რომელმაც ახალგაზრდების სწორად ინფორმირებისა და მათი მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.