შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 16, 2024

16.02.24 – ოლადაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და შუახევის რესურსცენტრის მხარდაჭერით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და მნიშვნელოვან ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ERASMUS + პროგრამაში მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე, კი ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ, ანეტი ბერიძემ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მაკარაძე ესწრებოდა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობასა და პროექტებში ჩართულობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.