სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის სასულიერო პირებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 6, 2023

06.11.23 – თბილისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების წინამძღოლები და საპატრიარქოს საზოგადოებასთან და საგარეო ურთიერთობების სამსახურების წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და სომხური ეკლესიის ლიდერები პროექტის „Together for Georgia’s Euro-Atlantic Choice“ ფარგლებში, ნატოს სახალხო დიპლომატიის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდნენ.

სემინარი, ასევე წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და კავშირის „21 საუკუნე“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ აქტივობას, რაც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა და საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას მოიაზრებს.

შეხვედრის მიზანი იყო რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია მოცემულ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატოს) და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

ფორუმი კავშირი „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ. გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა ქვეყნის თანამშრომლობაზე ნატოსთან სამხედრო კუთხით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე.

თავის მხრივ, თორნიკე ფარულავამ ვრცლად მიმოიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ასპექტები, ურთიერთობის დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ისაუბრა ნატოს როლზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ინსტრუმენტებსა და საქართველოსთვის ალიანსის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერის გზებზე.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა გამოსვლებს და დისკუსიას, რომელსაც მოდერაციას უწევდა, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი თეა გოგოტიშვილი.