სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

ივლისი 1, 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის 6 წლის შედეგების მიმოხილვას და 2016 წლის 1 ივლისს ამ შეთანხმების სრულად ამოქმედების უმნიშვნელოვანეს თარიღს მიეძღვნა.

საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად ამოქმედების მნიშვნელობასა და მის შედეგებზე, საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე ესაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელზე. მომხსენებელმა ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას და მისი ამოცნობის ხერხებსა და მეთოდებს.

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ როგორც ახალგაზრდები და ასევე ის პედაგოგები, რომლებსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ და ამ კუთხით საქმიანობის აქტიურად გაგრძელებას სამომავლოდაც, საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით გეგმავენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, პროექტის „დასავლური ინეტგრაციის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში, ციფრულ რეჟიმში შეხვედრები აჭარის რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. აჭარაში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, საინტერესო პრეზენტაციების, ვიქტორინებისა და დისკუსიების ციკლი სამომავლოდაც გაგრძელდება.