სოფელ ქობულეთის სკოლის მოსწავლეებისთვის სიმულაციური სწავლება ჩატარდა

ივნისი 7, 2024

07.06.24 – სოფელი ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება ჩაატარა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა პროექტის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო, ხაზი გაუსვა დეზინფორმაციის გავრცელების ნეგატიურ კონტექსტებს და ყურადღება გაამახვილა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინათ პრეზენტაციები.

აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით და გამოვლენილ საუკეთესო გუნდებს და მათ სპიკერებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პროექტის მიმდინარეობას ესწრებოდნენ სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნაირა მახარაძე და ამავე სკოლის პედაგოგები, რომლებმაც დეზინფორმაციის სკოლა-სიმულაციური სწავლების ეფექტიანობაზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.