სტაჟირების პროგრამის მონაწილეებისთვის ტრენინგი გაიმართა
მაისი 10, 2023
10-11.05.23 – თბილისი
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით სტაჟიორებისთვის ტრენინგი გაიმართა.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს მიმდინარე გამოწვევების ფონზე ევროკავშირისა და ნატო-ს როლზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან თანამშრომლობაზე, ევროკავშირის დახმარების პროექტებზე, კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებსა და კიბერჰიგიენის ძირითად მიდგომებზე.
ტრენინგის ფარგლებში, ასევე, ახალგაზრდებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად, გაიუმჯობესეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები საპროექტო წინადადებების შემუშავებისა და მართვის კუთხით.
კურსის მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი სოფიო მიდელაშვილი, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ნათია გვენეტაძე, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი აკაკი შეყილაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიამ გიგაური.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2023“ 6 მაისს დაიწყო და 21 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.