სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

ივლისი 14, 2021

14.07.21 – თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი დავით უჩაძე ვრცლად ესაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციების ძირითად პრინციპებზე, მის მთავარ ელემენტებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებსა და ამ მხრივ სტრატეგიული კომუნიკაციების როლსა და მნიშვნელობაზე. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციულ კამპანიებსა და მის მიზნებზე, როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოში. ასევე ხაზი გაესვა საკომუნიკაციო არხების, სამიზნე აუდიტორიისა და პროაქტიული კომუნიკაციის მნიშვნელობას.

მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე მსმენელს ასევე, სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.