სტუდენტებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე ონლაინ კურსი გაიმართა
ნოემბერი 25, 2021
25-26 – თბილისი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სასერტიფიკატო კურსი, “ჩართულობის აკადემია” გაიმართა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა მიმართა და ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
საქართველოს მასშტაბით 85-მდე სტუდენტს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პირიტ პიკერმა, ინფორმაცია მიაწოდა ნატო-ს ისტორიის, ამოცანების, მიზნებისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ალინსის როლის შესახებ. ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ნარდაიამ ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ და ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და რეგიონში ნატო-ს როლის გაძლიერების მნიშვნელობას. „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სტუდენტებს, ასევე, სიტყვით მიმართა საქართველოში აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა, ხოლო საქართველოში აშშ-ს საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორებმა ირაკლი მალანიამ და თეა კუჭუხიძემ დეტალურად ისაუბრეს აშშ-ში სწავლის შესაძლებლობებსა და იმ კონკრეტულ პროგრამებზე, რომლებში ჩართვაც სტუდენტებისთვის არის ხელმისაწვდომი.
ნატო-ს საკითხებზე სასერტიფიკატო კურსი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და სამომავლო პერსპექტივები.