სტუდენტებისთვის ნატო-ს საკითხებზე სასერტიფიკატო კურსი ჩატარდა
აპრილი 11, 2023
11.04.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სასერტიფიკატო კურსი, “ჩართულობის აკადემია” გაიმართა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა მიმართა და ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
საქართველოს მასშტაბით 60-მდე სტუდენტს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პირიტ პიკერმა, ინფორმაცია მიაწოდა ნატო-ს შექმნის ისტორიის, ამოცანების, მიზნებისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ალიანსის როლის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ და ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და რეგიონში ნატო-ს როლის გაძლიერების მნიშვნელობას.
კურსის ფარგლებში მოწვეულმა „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ხოლო, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია-წიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ანი გვეტაძემ მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში, ინფორმაციის სახეობებზე, ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე ისაუბრა და მონაწილეებს ფოტო/ვიდეო და ტექსტური ინფორმაციის გაყალბებისა და დამახინჯების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარა.
ნატო-ს საკითხებზე სასერტიფიკატო კურსი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილონ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და სამომავლო პერსპექტივები.