სტუდენტებისთვის ნატო-ს თემაზე ონლაინ კურსი დაიწყო

დეკემბერი 9, 2020

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ნატო-ს თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსი, ” ჩართულობის აკადემია” დაიწყო.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთრინ შვაიცერმა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობასა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ განხორციელების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროექტი თვალსაჩინო მაგალითია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის.

ქეთრინ შვაიცერმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და აღნიშნა რომ ამერიკა არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების, კეთილდღეობის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი.

პირველ ვებინარზე, სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ირაკლი მენაღარიშვილმა სტუდენტებს ნატო-ს შექმნის ისტორიასა და გაფართოების პოლიტიკაზე, ნატო-ს ტრანსფორმაციასა და ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა.

შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა 250-მდე სტუდენტმა მიუღო მოდერაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი უწევდა.

ნატო-ს საკითხებზე სასერტიფიკატო კურსი შედგება ხუთი ვებინარისგან და მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაიგონ მეტი ნატოს ისტორიაზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები.

ღონისძიება ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.