სტუდენტებისთვის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე სასერტიფიკატო კურსი ჩატარდა

მარტი 20, 2024

20.03.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ჰიბრიდულ ფორმატში, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე სასერტიფიკატო კურსი, “ჩართულობის აკადემია” გაიმართა.

საქართველოს მასშტაბით 130-მდე სტუდენტს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. თამარა წულეისკირმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ახალგაზრდებისთვის ამომწურავი, თანმიმდევრული ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობასა და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას.

მოწვეულმა ექსპერტებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატო-ს სამმართველოს უფროსმა ვერა ხაჯალიამ და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების აქტუალურ საკითხებზე, ინტეგრაციის პროცესზე, გამოწვევებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე, შემდგომ პროცედურებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

სტუდენტებმა, ასევე, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორისგან თეა კუჭუხიძისგან აშშ-ში სწავლის შესაძლებლობებსა და კონკრეტულად იმ გაცვლით პროგრამებზე, რომლებშიც სტუდენტების მონაწილეობა განიხილება.

კურსი საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის ვახტანგ ნინიკაშვილის, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზაზე არსებულ დეზინფორმაციულ ნარატივებზე, ამ მხრივ არსებული გამოწვევებსა და მასთან ბრძოლის გზებზე წარმოდგენილი პრეზენტაციით დასრულდა.

ჩართულობის აკადემიაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.