სტუდენტებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 11, 2023

11.04.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების, ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკისა და სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე, ვიზალიბერალიზაციით მონიჭებულ შესაძლებლობებსა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე შემდგომი პროცედურების პერსპექტივებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის გაძლიერებასა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგი სამოქალაქო სექტორის ფორმირების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.