სტუდენტებსა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
იანვარი 23, 2024
23.01.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი სიახლეები და პროექტები გააცნო და ევროინტეგრაციის პროცესის პოპულარიზების მიზნით რეგიონში მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ახალ შესაძლებლობებს, კერძოდ, სტაჟირების პროგრამასა და მასში რეგიონის ახალგაზრდობის აქტიურ ჩართულობას.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, გაიმართა დისკუსია თემაზე “ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები”, ხაზი გაესვა ევროკავშირთან დაახლოების მიზნით დაგეგმილ შემდგომ პროცედურებს, კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობასა და მოლაპარაკებების თავების გახსნის საპასუხისმგებლო ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა აგრეთვე, დეზინფორმაციის საფრთხეებსა და ამ კუთხით საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.