თამარა წულეისკირი ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს ხელმძღვანელს შეხვდა
დეკემბერი 8, 2023
08.12.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობითი ოფისის უფროს მრჩეველთან ტორანგ პაკპაჰანთან (ინდონეზიის საელჩო კიევში, უკრაინაში, აკრედიტებული სომხეთის რესპუბლიკაში და საქართველოში, უფროსი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში/წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელი თბილისში) გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორი სტუმარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებსა და მიღწევებზე ესაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობა.
თამარა წულეისკირმა აგრეთვე, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების განწყობებზე, საინფორმაციო ეკოსისტემასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე გაამახვილა ყურადღება. თამარა წულეისკირმა აღნიშნა, რომ საინფორმაციო ცენტრის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღნიშნა ცენტრის ძალისხმევა, საქმიანობის პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები.
თავის მხრივ ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობის ოფისის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს საინფორმაციო ცენტრთან სამომავლოდ თანამშრომლობისთვის.