თამარა წულეისკირი საქართველოში აშშ-ის საელჩოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების უფროსს შეხვდა
მარტი 12, 2024
12.03.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების უფროსთან, ალექსანდრ დენიელსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმარს ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო ცენტრის მიერ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
თამარა წულეისკირმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიმართ, რომელთა მხარდაჭერითაც ცენტრი საქართველოს რეგიონებში საზოგადოების დასავლური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დეზინფორმაციის მიმართ მედეგობის გაძლიერების საინფორმაციო კამპანიებს ახორციელებს.
თავის მხრივ, ალექსანდრ დენიელსმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს. პროექტი „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ხელშესახები შედეგების მიღწევით წარმატებით დასრულდა, ხოლო პროექტი „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ასევე წარმატებით მიმდინარეობს.
პროექტები მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დინამიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ მოქალაქეების მედეგობის გაძლიერებას.