თბილისის 169-ე საჯარო სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 14, 2023

14.06.23 –თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის 169-ე საჯარო სკოლის დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეებისა და მენტორი პედაგოგისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა, ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკასა და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ასევე, მომხსენებელმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღებული პრაქტიკული სიკეთეები და სამომავლო პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე, ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს სკოლებში საგანმანათლებლო დებატ-კლუბების პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 70-მდე სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თემატური დებატ-კლუბების შექმნასა და მონაწილე პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცოდნის გაზრდას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.