თბილისის სკოლაში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა

მარტი 28, 2024

28.03.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ, თბილისის N218 საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა მიმოიხილა ევროპული გაერთიანების შექმნის, გაფართოების ისტორიული კონტექსტი, ინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ისაუბრა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასოცირების შეთანხმებით გატარებულ რეფორმებზე და უვიზო მიმოსვლის სიკეთეებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილში, საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა აქსანა ახმედოვამ მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სტუდენტური პროგრამების შესახებ და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს „Erasmus+“ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროექტებს.

შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნილი საინფორმაციო მასალები.