თბილისში ორდღიანი სემინარი „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიმართა
ნოემბერი 21, 2019
21-22 ნოემბერს, მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიმართა. სემინარში მონაწილეობდნენ პედაგოგები როგორც გურიის რეგიონიდან, ასევე, თბილისიდან.
სემინარი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ გახსნეს. გამომსვლელებმა პედაგოგების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩართულობისა და მოსახლეობამდე ალიანსის მიზნების, ამოცანებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სარგებელის შესახებ სწორი გზავნილების გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთერთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აქტიურად მუშაობს 7 წელია. გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტთან და ვაწვდით მათ მაქსიმალურ ინფორმაციას ამ პროცესების, ნატოს ინსტიტუტების შესახებ, თანამშრომლობის რა მექანიზმები არსებობს. დღევანდელი შეხვედრა იმართება გურიის რეგიონისა და ასევე დედაქალაქის საშუალო სკოლების მასწავლებლებთან. საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრებთ აღნიშნულ თემებზე. ამ პროექტის შედეგად ჯამში გადამზადებულია უკვე 750-მდე პედაგოგი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით.”- განაცხადა თამარა წულეისკირმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ორი დღის განმავლობაში პედაგოგები შეხვდნენ ექსპერტებს, სამთავრობო სტრუქტურების, ასევე, ნატოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და გაეცნენ ნატოს ისტორიას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ნატოს როლს სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო მისიებში, ნატოსა და საქართველოს პარტნიორობას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და სხვ.
ორდღიან სემინართა ციკლი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეშვიდე წელია ტარდება. პროექტის ფარგლებში, ნატოს თემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 750-მდე პედაგოგი გადამზადდა.