თეატრალური ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდა

ნოემბერი 26, 2024

26.11.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, თეატრალური ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები გამართა.

ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდებმა მოისმინეს სემინარი თემაზე „მედიაწიგნიერების როლი თანამედროვე სამყაროში“. ღონისძიებაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შერჩეულ ახალგაზრდებს მედიაპროდუქტის გაზიარების პასუხისმგებლობების, ინფორმაციის გადამოწმებისა და კრიტიკულად შეფასების მეთოდები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკებზე, პროპაგანდის წარმოების თავისებურებებზე, საინფორმაციო გარემოში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის პარტნიორი საინფორმაციო ცენტრის მიერ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების მიზანი რეგიონის ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი გამოწვევის, ციფრული უსაფრთხოების შესახებ ინფორმირება და მედიაწიგნიერების ეფექტიანი ინსტრუმენტების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.