თელავში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიმართა

სექტემბერი 21, 2023

21.09.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების (დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის) და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით თელავის მუნიციპალიტეტში კამპანია „მოძრავი საელჩო“ გაიმართა.

ღონისძიებას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, საქართველოში დიდი ბრიტანეთი ელჩი მარკ კლეიტონი, საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი და დიდი ბრიტანეთი მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დავიდ კორი ესწრებოდნენ.

საინფორმაციო სივრცეში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თემატურ ლიტერატურასა და საიმიჯო მასალებს და უშუალოდ ელჩებისა და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელისგან მიეღოთ ინფორმაცია ნატოს და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა გაიმართა კახეთის რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან. შეხვედრაზე კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმირების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

თელავის ტექნოპარკში, ასევე შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან. შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობისა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ ელჩებმა, ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში ნატოს როლზე, ნატოს საკონტაქტო საელჩოების საქმიანობის მნიშვნელობასა და საქართველო-ნატოს ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოები, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ.