თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის სკოლაში შეხვედრა გაიმართა

აპრილი 6, 2023

06.04.23 – სოფელი კოდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, პირველი ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიული კონტექსტის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მოსწავლეებმა, ასევე ინფორმაცია მიიღეს ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე „Erasmus+“ და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.