თამარა წულეისკირმა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა
აპრილი 27, 2021

27.04.21 – თბილისი
სასტუმროში “შერატონ მეტეხი პალასი” პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის მიმდინარეობა და პროექტის ფარგლებში არსებული მიღწევების პრეზენტაცია გაიმართა.
მომხსენებლებმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე გავრცელების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა თანატოლგანმანათლებელთა როლზე მიმდინარე დეზინფორმაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე მისი ნეგატიური ზემოქმედების ფონზე აღნიშნული რეგიონების კონტექსტში.
ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, ანტი-დასავლური პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით ცენტრის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა.
პროექტი 2017 წელს დაიწყო და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დასავლური ღირებულებების გაცნობაა. პროექტი ყოველწლიურად ორ ეტაპს ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ხორციელდება მონაწილეების გადამზადება, რის შემდგომაც თანატოლგანმანათლებლები შეხვედრებს ატარებენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში – სკოლების ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, თემის ლიდერებთან. 2020-2021 წლებში 15 მუნიციპალიტეტის 46 სოფელში, 51 შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც 800-მდე მონაწილე დაესწრო.
საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით.