თამარა წულეისკირმა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა
ივლისი 31, 2020
სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის მიმდინარეობა და პროექტის ფარგლებში არსებული მიღწევების პრეზენტაცია გაიმართა.
შემაჯამებელ პანელურ დისკუსიაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) რეგიონული კონტრაქტ-ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე დებორა პერლმანი და სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის წარმომადგენელი დავით ძიძიშვილი მონაწილეობდნენ.
მომხსენებლებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს და ყურადღება გამახვილდა ანტი-დასავლური პროპაგანდის გავრცელებაზე, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების კონტექსტში.
ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, ანტი-დასავლური პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით ცენტრის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა.
პროექტი ითვალისწინებს როგორც თბილისიდან ასევე, რეგიონებიდან ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე, რომლებიც თავიანთ რეგიონებში გახდნენ ელჩები აღნიშნულ საკითხებზე კომუნიკაციისთვის. აღსანიშნავია, რომ 2017-2020 წლებში, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამი ნაკადის მონაცემებით, საინფორმაციო კამპანიამ მოიცვა 6791 მონაწილე, 36 მუნიციპალიტეტი, 250 სოფელი და ჩატარდა 313 ტრენინგი.
პროექტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.