თამარა წულეისკირმა “დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის” გახსნაში მიიღო მონაწილეობა

თებერვალი 6, 2023

06.02.23 – თბილისი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში “დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა” გაიხსნა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, CIU-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა დავით ესათიამ. ასევე, მონაწილეებს სპეციალური ვიდეო მიმართვით მიესალმა, საქართველოს საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.

საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მონაწილეებს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ზამთრის სკოლის ფარგლებში, მომხსენებლებმა განიხილეს საგარეო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მოდელები, ამ პროცესის პოლიტიკური ანალიზი და შეფასების დონეები.

ლექციის ფარგლებში,თეორიულ საკითხებთან ერთად მონაწილეებმა პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლას“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს. ასევე, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ფარგლებში 310-მდე განაცხადი შემოვიდა, საიდანაც საორგანიზაციო კომიტეტმა 50-მდე მონაწილე შეარჩია. მსმენელებს 5 დღის განმავლობაში სფეროს პრაქტიკოსი ლექტორები და დარგის ექსპერტები ჩაუტარებენ ლექციებს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიის, უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და სხვა აქტუალური დარგობრივი საკითხების შესახებ, სკოლის ბოლო დღე კი გასვლით აქტივობას დაეთმობა.