თამარა წულეისკირმა მოდერაცია გაუწია ვებინარს „დამოუკიდებლობის 30 წელიწადი – ჰიბრიდულ საფრთხეების ახალ ფორმებთან ბრძოლა“
ივნისი 15, 2021
15.06.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვებინარი „დამოუკიდებლობის 30 წელიწადი – ჰიბრიდულ საფრთხეების ახალ ფორმებთან ბრძოლა“ გაიმართა.
ვებინარს მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გაუწია. უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მოქალაქეების ინფორმირებულობის მნიშვნელობასა და ჰიბრიდული საფრთხეების წანააღმდეგ მედეგობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება. თამარა წულეისკირმა, ასევე, მძლავრი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, ცენტრის მიერ დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით საინფორმაციო ცენტრის ძალისხმევას გაუსვა ხაზი.
ონლაინ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თორნიკე ნოზაძე, სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის ელჩი კირსტი ნარინენი, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი რასმუს ჰინდრენი, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სერგო თურმანიძე და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი.
მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების ძველ და თანამედროვე გამოწვევებზე და მათთან გასამკლავებლად შემუშავებულ მულტიდისციპლინურ მიდგომებზე. აღინიშნა საქართველოს მოსახლების მედეგობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების და საგანმანათლებლო საქმიანობის როლი. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.