თამარა წულეისკირმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სასულიერო პირებთან გამართულ ფორუმზე
ნოემბერი 3, 2022
03.11.22 – კახეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დიექტორი თამარა წულეისკირი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კახეთში, სასულიერო პირებთან საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
კავშირი ,,21-ე საუკუნის,, მიერ ორგანიზებული ფორუმი, მიზნად ისახავდა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკისა და არსებული გამოწვევების განხილვას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქართლისა და კახეთის ეპარქიების წინამძღოლები და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა.
ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კავშირი ,,21-ე საუკუნის,, გამგეობის თავმჯდომარე პაატა გაჩეჩილაძემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.
შეხვედრის მონაწლეებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრნენ საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის დირექტორი ალექსანდრე ვინიკოვი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულესიკირი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე.
შეხვედრაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს ნატოს, როგორ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის მიზნებზე, ამოცანებსა და პოლიტიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე და იმ ერთობლივ პროგრამებზე რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით ხორციელდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო თავისი განვითარების ძალზედ მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მოითხოვს როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე საზოგადოების ყველა ფენის კონსოლიდაციას და რომ ამ პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოტენციალის მობილიზება.
თავის მხრივ თამარა წულეისკირმა აღნიშნა, რომ სასულიერო პირები საინფორმაციო ცენტრის უმნიშვნელოვანესი სამიზნე ჯგუფია და ცენტრის ამოცანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ მათთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფაა.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. განიხილეს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და დეზინფორმაციული ნარატივები საქართველოს დასავლურ ვექტორთან დაკავშირებით და ამ გამოწვევაზე საპასუხოდ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა აღინიშნა. დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს მუდმივი დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ეფექტური იქნება არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად.
დასკვნით ეტაპზე, ფორუმის მონაწილეებს ალავერდის სამონასტრო კომპლექტში უმასპინძლა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოადგენლები.
ფორუმი განხორციელდა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით.