თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგარზდებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 19, 2022

19.05.22 – თერჯოლა
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ახალგაზრდებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელი მსმენელებს იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის დაარსების ისტორიას, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.