ტყიბულში მოსწავლე ახალაგაზრდობის ცენტრში საინფორმაციო შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა
მაისი 5, 2023
05.05.23 – ტყიბული
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობით, ტყიბულში მოსწავლე ახალაგაზრდობის ცენტრის ღია სივრცეში, საინფორმაციო შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა და ევროკავშირში გაწევრიანების სიკეთეებსა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხაზი გაესვა, იმ პროექტებს, რომლებიც ტყიბულში ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, ცენტრის საქმიანობაზე და ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს.
შეხვედრას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი თინათინ ენდელაძეც ესწრებოდა, რომელმაც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და რეგულაციებზე ისაუბრა.
საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მნიშვნელოვან თარიღებს და მოვლენებს ეხებოდა.
ვიქტორინაში 30-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო და საინფორმაციო ცენტრისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული 20-მდე პრიზი გათამაშდა.
აქტივობების დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.