ცაგერში ევროინტეგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

დეკემბერი 5, 2023

05.12.23 – ცაგერი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – ფონდი „აფხაზინტერკონტის“ (AIC) ორგანიზებით, ცაგერის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა ტრენინგი თემაზე – „საქართველო და ევროკავშირი, ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის“.

ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობის უკეთ გააზრება, იმ ღირებულებებზე ხაზგასმა, რომელსაც ეფუძნება ევროპული ოჯახის წევრობა და ამავდროულად წევრი სახელმწიფოების იდენტობის პატივისცემის შენარჩუნება.

ტრენინგს უძღვებოდა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, თამარ გოგოლაძე. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შექმნის, გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების პროცესზე, ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პროცედურებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ტრენინგს ესწრებოდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, და მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლები.

ტრენინგი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025 წ.წ.) ფარგლებში ჩატარდა.