წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 28, 2021
28.09.21 – სოფელი ჯგალი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიისა და მიზნების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკისა და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მომხსენებელმა, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. ხაზი გაესვა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.