წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა

ოქტომბერი 23, 2023

23.10.23 – წალენჯიხა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ჩართულობით, წალენჯიხის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებთან, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა.

სემინარზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და შემდგომ ეტაპებს, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფოთის ოფისის წარმომადგენელმა ნანა წულაიამ ახალგაზრდებს, უსაფრთხო მიგრაციის, ევროპის ქვეყნებში ლეგალურად სწავლისა და მუშაობის, სამოგზაურო რეგულაციებისა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.