წალენჯიხის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტი 26, 2024

26.03.24 – წალენჯიხა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და იმ პროცედურებს, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

გარდა ამისა შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გვანცა კვარაცხელიამ, მოსწავლეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე: კერძოდ, ERASMUS+, ERASMUS MUNDUS ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის, ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.