წალკის განვითარების ცენტრმა ევროკავშირის საკითხებზე გამართულ სემინარს უმასპინძლა

სექტემბერი 8, 2023

08.09.23 – წალკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და წალკის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, პირველი ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიული კონტექსტი და მისი ინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმოიხილა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე „Erasmus+“ და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს სთავაზობენ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.