წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 28, 2023
28.03.23 – წალკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის საკითხებსა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებზე. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ასოცირების შეთანხმებაზე, მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ფერმერებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და „ENPARD“-ის პროგრამაზე.
შეხვედრას, რომელსაც წალკის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა გაუწია. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ მიზნებზე ესაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.