წყალტუბოში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ივლისი 29, 2022

29.07.22 – წყალტუბო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლის 2022’’ პროექტის ,,ევროპისკენ მიმავალი გზა“ მონაწილეებთან თანამშრომლობით, წყალტუბოში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს. ყურადღება გამახვილდა იმ მოლოდინებზე, რომელსაც მოსახლეობა ევროკავშირისგან უახლოეს მომავალში ელოდება.

გარდა ამისა, ახალგაზრდები მონაწილეებს საქართველოს ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები და ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.