ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 17, 2022

17.08.22 – ტყიბული

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მერი დავით ჩერქეზიშვილი ესწრებოდა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნულ თემებზე სწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის, მოსახლეობასთან კომუნიკაციის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ხამაშურიძემ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი მიმოიხილა. მოწვეულმა სტუმარმა იმ მნიშვნელოვან სარგებელზე ისაუბრა, რასაც საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობით იღებს და ასევე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძემ დამსწრე საზოგადოებას ცენტრის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები გააცნო. მან ასევე ისაუბრა უვიზო რეჟიმის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და დასასრულს, მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.